მთავარი
მტირალა
მტირალა
 მტირალას პარკი ერთ-ერთია საქართველოში არსებული 10 ეროვნული პარკიდან

კომპლექს დრიმლენდ ოაზისის აღმოსავლეთით,  14 კმ-ში  მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ეკო-ტურიზმის მოყვარულთათვის. მტირალას ბუნებრივ ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს მაღალი ტენიანობა, ხშირი წვიმები და ნისლი სძენს. საქართველოში ეს ყველაზე ნალექიანი ადგილია (ზღვის დონიდან 1'381 მ). სწორედ აქედან მოდის სახელწოდება „მტირალა."


16 ჰექტარზე გაშენებული ეს უნიკალური პარკი მდიდარი მცენარეული საფარით გამოირჩევა. ტყე-პარკში უხვადაა ბუნებრივი წყაროები, ჩანჩქერები და სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე ადგილები, საიდანაც ხელუხლებელი ტყის ეკოსისტემის ულამაზესი ხედები მოჩანს. აქვე ვხვდებით გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა და მცენარეთა უიშვიათეს სახეობებს, რომელთა ნაწილიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ეკოტურისტული მარშრუტები და აქტივობები

მტირალას ეროვნულ პარკში რამდენიმე შემეცნებით-გასართობი ტურისტული მარშრუტი ფუნქციონურებს. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა ლაშქრობებში, ითევზაონ,  ისეირნონ სამთო ველოსიპედებით და კვადროციკლებით, იჯირითონ ცხენებით, და ა.შ.


პარკში არსებულ ვიზიტორთა ცენტრიდან 2 კმ-ში, კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერია რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი, სადაც მსურველებს ღამის გათევა შეუძლიათ.

ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ზიპ ლაინ ტურები ეწყობა. ვიზიტორებს ასევე საშუალება ეძლევათ მოინახულონ  ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების მქონე უძველესი შენობა-ნაგებობები, წყლის წისქვილები და საკუთარი თვალით იხილონ თაფლის წარმოების პროცესი.


მტირალას ეროვნული პარკი ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს, რომლებიც ბერდვოჩინგით, ანუ ფრინველებზე დაკვირვებით არიან დაინტერესებულნი.  ჩაქვის შემოგარენი მტაცებელი ფრინველების მრავალრიცხოვანი მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია, სადაც ყოველწლიურად 1.000.000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ, ამ ფაქტის გამო აღნიშნული ადგილები მსოფლიოში ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მესამეა. 2012 წლიდან აჭარაში ყოველწლიური ბერდვოჩინგის ფესტივალები იმართება, სადაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები და უბრალო მოყვარულები იღებენ მონაწილეობას.