მთავარი
კურორტი ჩაქვი
კურორტი ჩაქვი
დაბა ჩაქვი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, აჭარაში მდებარეობს, რომელსაც ზაფხულობით ასიათასობით ტურისტი სტუმრობს. ურბანული ხმაურისგან შორს, 2012 წლის საუკეთესო ტურისტულ დანიშნულების ადგილად აღიარებულ ქალაქ ბათუმიდან სულ რაღაც 9 კმ-ით დაშორებული ეს ულამაზესი ზღვისპირა კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა სანაპირო ზოლით და უნიკალური კლიმატით გამოირჩევა.

ჩაქვის სანაპიროდან შავი ზღვის, ბათუმის და მტირალას მთის ულამაზესი პეიზაჟები იშლება, რომელიც ერთნაირად იზიდავს ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს. ჩაქვის ცენტრიდან 2 კმ-ში მდებარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთერთი ყველაზე მდიდარი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც განსაცვიფრებელი სილამაზის მცენარეთა ათასობით სახეობა თანაარსებობს.

მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ჩაქვიდან რამდენიმე წუთის სავალზე, 14 კმ-შია, საუკეთესო ადგილია ეკო ტურიზმის და ბერდვოჩინგის (ფრინველებზე დამკვირვებელთა) მოყვარულთათვის. ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით, ჩაქვის შემოგარენი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. აქვე ვხვდებით გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა და მცენარეთა უიშვიათეს სახეობებს, ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების მქონე უძველეს შენობა-ნაგებობებს და წყლის წისქვილებს. მტირალას პარკში სპორტული და შემეცნებით-გასართობი ტურისტული მარშუტები ფუნქციონირებს, რომელიც ცხენით ჯირითს, თვზაობას, რაფტინგს თუ სხვა აქტივობებს მოიცავს.



მიმზიდველი სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

აჭარა მიმზიდველია სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვისაც. ჩაქვიდან 1.5 საათის გზაზე, ზღვის დონიდან 1'250 მეტრზე მდებარობს კურორტი გომარდული, რომელიც ზამთრის სეზონზე ათასობით დამსვენებელს იზიდავს. აქ 250 მეტრიანი საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. თოვლი ნოემბრის თვიდან აპრილის თვემდეა და მისი საფარი 2-3 მეტრს აღწევს.

ზღვის დონიდან 2'025 მეტრზე ფუნქციონირებს კიდევ ერთი სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი, სადაც საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი, 32 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასა მოეწყობა. ულამაზესი ველური ბუნება, სუფთა ჰაერი და თვალწარმტაცი პეიზაჟები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება ვიზიტორებს მთელი წლის განმავლობაში. კურორტი გოდერძი ჩაქვიდან 2 საათის სავალზე,  130 მ-ში მდებარეობს.